თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბიუროს სხდომაზე ქ. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ საკითხებს, რომლებიც, ძირითადად, საკანალიზაციო, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალსადენი ქსელების მოწყობას, ინდივიდუალურ გაზიფიცირებას, ჩამონადენი წყლების შემკრები სადრენაჟე ქსელის მოწესრიგებას, ჩამონაშალი მიწისა და სამშენებლო ნარჩენების გატანას, კიბეებისა და პანდუსების, ასევე სპორტული მოედნების მოწყობა – რეაბილიტაციას, გზებისა და ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ლისის ტბის გარშემო სარბენი და ველო ბილიკის მოწყობის სამუშაოებისა და თბილისის ზღვის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციების შედგენას შეეხებოდა.
დეპუტატებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შესასვლელის მინათების სამუშაოებისა და ცენტრალურ შესასვლელში არსებული ღია დერეფნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასა და კორპუსების ეზოებსა და დასასვენებელ ადგილებში მრავალადგილიანი საპარკე სკამებისა და სანაგვე ურნების დამონტაჟებას.
ბიუროს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს და თანხმობა განაცხადეს 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი მიუსაფარ პირთა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის და ,,სერვის ცენტრში სამგზავრო ბარათების დამზადებისა და ინიციალიზაციის’’, ასევე განვითარების ფონდის მიერ საკუთარი სახსრებით დაფინანსებული პროექტების შეთანხმებაზეც.
დღესვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე საკრებულოს წევრებს შესათანხმებლად ,,თბილისის კულტურული ღონისძიებების’’ ცენტრის პროექტები წარმოუდგინა.
დასასრულს, დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.