თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, სხდომაზე საკრებულოს წევრები იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც სწრაფ მოგვარებას საჭიროებენ.
"სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გამოიყენება გამარტივებული შესყიდვების პრაქტიკა’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და მაგალითად ელბაქიძის დაღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა მონაკვეთის ჩანგრევასთან დაკავშირებული ფორს–მაჟორული მდგომარეობა დაასახელა.
მისივე ინფორმაციით, მომავალში დაჩქარებული წესით შესყიდვები მაქსიმალურად შეიზღუდება.
გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებიც დაუყონებლივ მოგვარებას საჭიროებენ.
მისი თქმით, ბიუროზე გამარტივებული შესყიდვების მხოლოდ ერთი საკითხი განიხილება, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის დასუფთავების საკითხს ეხება.
"ამაზე საკმაოდ დიდი ხანია ტენდერი იყო გამოცხადებული და ტექნიკური მიზეზების გამო ვერ იქნა დასრულებული. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ეს პროექტი გავიტანოთ. თუმცა გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი შემთხვევა წელს არ ყოფილა, ეს არის პირველი და საკმაოდ მცირე თანხა და ამ შემთხვევაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა ტყემალაძემ.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ წარმოდგენილი საკითხის უახლოეს საკრებულოს სხდომაზე სხომაზე გატანას დაუჭირეს მხარი.