თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ქ. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში კონკრეტულ მისამართებზე სახლების ავარიული ნაწილის გამაგრებითი სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვას, რომელიც დეპუტატებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა წარმოუდგინა.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით კულტურის ღონისძიებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი განიხილეს და ლიტერატურული ჟურნალის “ცისკარი 1852” გამოცემის ხელშეწყობას ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ბიუროს სხდომაზე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილის საფუძველზე ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის’’ქვეპროგრამის ფარგლებში განხილული საკითხი წარმოადგინა, რომელიც ააიპ საბავშვო ბაგა-ბაღების ღობეების მოწყობასა და მათი სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას გულისხმობდა. წარმოდგენილი საკითხი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
ბიუროს სხდომას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.