დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა დეპუტატებს დასამტკიცებლად დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი წარმოუდგინა.
ბიუროს წევრებმა თანხმობა განაცხადეს მთაწმინდის რაიონში კეკელიძის N16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე შესასრულებელი სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვით განხორციელებაზე, რისი აუცილებლობაც საცხოვრებელ კორპუსში მომხდარმა ხანძარმა გამოიწვია.
მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო ასევე თანხმობა მიეცა ნაძალადავის რაიონში უიარაღოს ქუჩა მე-2 შეს. N 20-ში საყრდენი კედლის მოწყობა-რეაბილიტაციის და კრწანისის რაიონში ერეკლე II -ეს შესახვევში გზის ჩამონგრეული ნაწილის აღდგენითი სამუშაოების ასევე გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელებასაც.
ბიუროს სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.