თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომა განცხადებებით გაიხსნა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშისთვის მადლობა გადაუხადეს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის 48 მილიონი ლარით გაზრდას. საკითხი საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 48 მილიონ 456,0 ათასი ლარით იზრდება და 2 მილიარდ 058 335,6 ათას ლარს შეადგენს. მისივე თქმით, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის საკრებულოს, ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების შესახებ წინადადებები. აღნიშნულის გათვალისწინებით კი ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე გადანაწილდა.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის არჩილ გორდულაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს. საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის ნინო ვარდოსანიძის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას. ასევე, საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ლევან აბაშიძე აირჩიეს.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე შპს თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენელს დავით ჩანქსელიანს მოუსმინეს. მან „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს“ შორის „თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტთან დაკავშირებით“ ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა საკრებულოს წევრებს ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცებაზე საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N35-100 დადგენილებაში ცვლილები გააცნო.
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხი წარადგინა.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-105 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები გააცნო. პროექტის თანახმად, მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით ავტობუსის მარშრუტების შეთანხმების პროცედურა გახანგრძლივდა 1 წლით.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტაძემ საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საკითხი წარადგინა. მათ შორის, „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების განკარგულების პროექტი. ოთარ ჩიტაძემ საკრებულოს წევრებს გააცნო ასევე თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილები და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა თბილისის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა, სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარდგინებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, ქუჩების სახელდების საკითხები განიხილეს.