თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. საკრებულოს სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ საკრებულოს წევრებს „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარადგინა. სხდომაზე იმსჯელეს ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის და თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა საკრებულოს წევრებს რამდენიმე მისამართზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტები გააცნო.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა. მან ასევე, თბილისში, გიორგი დანელიას ქუჩა N61-ში მდებარე, რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი (მშენებარე) ფართის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობის შედეგად დაზარალებული პირებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის - შპს „ნიუ გლდანისთვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების შესახებ განკარგულების პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ი. ჭავჭავაძის გამზირი N31 არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით გაცემული ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში შპს „დომუსის ხეების“ მიერ შესრულებული ვალდებულების დადასტურების საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტი და რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხი წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს. დღესვე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე რაიონში ქუჩების და სკვერების სახელდების საკითხები წარადგინა. საბურთალოს რაიონში 26 მაისის მოედანთან არსებულ უსახელო სკვერს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭება, ასევე საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის III შესახვევს ისტორიკოსის, ფილოლოგ ზაზა ალექსიძის სახელი მინიჭება. რამდენიმე ქუჩის სახელდება მოხდება ვაკის რაიონში. დაბა წყნეთში, მაია წყნეთელის II ჩიხს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, მამა-შვილის ზურაბ და მამუკა ბეროძეების სახელი, დიმიტრი ამილახვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს კი აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელი მიენიჭება. ასევე ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან არსებულ უსახელო ქუჩას და მასთან მდებარე ერთ გასასვლელს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ გელანტიას სახელი ეწოდება. ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს, საქართველოს სახალხო არტისტის, მუსიკოსის, ომარ კელაპტრიშვილის სახელი მიენიჭება. საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს ასევე ნაძალადევის რაიონში აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის ქუჩის სახელდების, გლდანის რაიონში გრიგოლ ხანძთელის ქუჩის სახელდების, დიდუბის რაიონში, ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის რევაზ ჭოხონელიძის ქუჩის სახელდების საკითხებს, ვაგზლის მოედანს კი სადგურის მოედნის სახელი მიენიჭება.