თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავის აღსანიშნავად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
გიორგი ტყემალაძემ კიკვიძის ბაღში შეკრებილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა მათ. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი მსხვერპლი სწორედ ქართველებმა გაიღეს, სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.
„ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა. დღევანდელი დღე მივულოცეთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ყველა ოჯახს, რომელთა წინაპრებიც გმირულად იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა მეორე მსოფლიო ომს. საქართველოს წვლილი ამ გამარჯვებაში უდიდესია, ამიტომ განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ ომის მონაწილე ჩვენი ვეტერანები. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!” - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.