თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. განცხადებების შემდეგ საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ბადრი გიორგიძის გათავისუფლების საკითხი ცნობად მიიღეს. ამასთან, საკრებულოს წევრებმა მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი ხვედელიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილება განიხილეს, რომლის მიხედვითაც თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 241 034,9 ათასი ლარით გაიზარდა და 2 004 389,6 ათასი ლარი შეადგინა. ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა 2024 წლის 1 იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების (200 034,9 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, გაიზარდა სხვა შემოსავლების ნაწილში სანქციები (ჯარიმები და საურავები) - 10 000,0 ათასი ლარით და შემოსავლები კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების ხელშეწყობისთვის - 16 000,0 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსავლები - 15 000,0 ათასი ლარის ოდენობით (მათ შორის საცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან - 5 000,0 ათასი ლარი, არაწარმოებული აქტივებიდან (მიწა) - 10 000,0 ათასი ლარი).
წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის“ შესახებ პროექტი წარადგინა. მან აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო პირველია საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, ვინც მსგავსი სახის დადგენილებას მიიღებს.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. დადგენილების პროექტის თანახმად, ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში შედის. კერძოდ, მოქმედი რედაქციის მიხედვით, ქვეპროგრამის ფარგლებში, ამჟამად თვეში ფინანსდება 1850 ბენეფიციარი, ხოლო წარმოდგენილი პროექტით, აღნიშნული ლიმიტი 250 ერთეულით იზრდება. შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში ამიერიდან 2100 ბენეფიციარი დაფინანსდება.
აღნიშნული საკითხების გარდა, სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტები წარადგინა.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე დედაქალაქის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები გააცნო. ცვლილება ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე თბილისში მდებარე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა რამდენიმე კომპანიის მიმართა დამატებითი/დაზუსტებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტები გააცნო საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებების ცვლილებები განიხილეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძეს საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩების სახელდების საკითხები წარადგინა.