თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელი საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. შეხვედრა სახელწოდებით „ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და პრაქტიკა - ადგილობრივ დონეზე მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისება“ ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.
როგორც შეხვედრის ფორმატში აღინიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების თანამშრომლებთან ერთად განიხილავენ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის და მექანიზმების მეშვეობით ადგილობრივ დონეზე თანასწორუფლებიანობის დაცვის საკითხებს.
გიორგი ტყემალაძემ ჩართვაში ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სამუშაო ფორმატი წინ გადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებების ადგილობრივ დონეზე წარმატებით განხორციელებისკენ.
„პროექტმა თავისი შინაარსით და შედეგებით საინტერესო შეხვედრები შემოგვთავაზა. მიხარია, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ თქვენთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად.
ათეას სახელით მინდა დავადასტურო, რომ ასოციაცია ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის, რომელიც მუნიციპალიტეტების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ვფიქრობ, ეს სამუშაო შეხვედრები დაგვეხმარება საქართველოში მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესაბამისად და წარმატებული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით განვავითაროთ ადგილობრივ დონეზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა; ასევე, ადგილობრივი მოხელეების ყოველდღიურ საქმიანობაში, მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესში გავაძლიეროთ ანტიდისკრიმინაციული მიდგომები. თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციის მექანიზმების შესახებ შესაძლებლობების განვითარების საჭიროება პროექტის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო კვლევითაც გამოვლინდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიდისკრიმინაციულ ჭრილში კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული და ემსახურება სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებას და, ზოგადად, თანასწორობის ხელშეწყობას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის(ათეა) აღმასრულებელი საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურმა მდივანმა მეთიუ მორიმ, მოქმედმა სახალხო დამცველმა თამარ გვარამაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერიმ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოს მოდერატორმა ჯულია ნაზონიმ.