თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი განიხილეს და საკრებულოს რეკომენდაციებით მერიას დაუბრუნეს.
როგორც ცნობილია, თბილისის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 840 302,5 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულომ ფინანსური დოკუმენტი კომისიურ ფორმატში განიხილა და რეკომენდაციები შეიმუშავა.
წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 72 223,2 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული
შენობების გამაგრება - 140 088,3 ათასი ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 106 218,4 ათასი
ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 4 164,4 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 39 157,3 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 164 376,9 ათასი ლარი;
განათლება - 162 919,0 ათასი ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 38 814,5 ათასი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 4 402,3 ათასი ლარი.
თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 107 938,2
ათასი ლარი.
დღევანდელ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვახტანტ შაქარიშვილმა საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები გააცნო და მერიას ამ შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ კი საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის და დამტკიცების პროცედურებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საკრებულო კომისიურ ფორმატში აქტიურად იყო ჩართული ფინანსური დოკუმენტის განხილვაში და კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავა. გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი დედაქალაქის და მისი მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული იქნება.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს რეკომენდაციებით მერიისთვის დაბრუნებას მხარი დაუჭირეს. ფინანსური დოკუმენტი, რეკომენდაციების გათვალისწინებით და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერით, საკრებულოში დასამტკიცებლად 10 დეკემბრამდე შემოვა.
დღესვე სხდომაზე საკრებულოში ახალი ფრაქციის „თბილისის“ შექმნას დაუჭირეს მხარი. ფრაქციაში სამი დეპუტატი გაწევრიანდა: ზაზა მამალაძე, ვაჟა ოთარაშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.