მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა. ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ახალი ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით; სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და აქვს გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.
ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი ათ სატრანსპორტო დერეფანზე გადანაწილდება, რომლითაც კომპანია "სისტრას" მიერ შემუშავებული ახალი სამარშრუტო სქემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესი დაიწყება.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის ავტოპარკის ჩანაცვლება აქტიურად მიმდინარეობს და 2021 წელს, ავტოპარკი სრულად განახლდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ახალი ავტობუსების დიდი ნაწილი უკვე თბილისშია და ხაზებზე უახლოეს დღეებში გავა, რაც მოსახლეობის უსაფრთხო, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. შემცირდება მოცდის დრო და გაიზრდება ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა. დედაქალაქის მთავრობა სატრანპორტო პოლიტიკის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. პროცესი გრძელდება და 2021 წელს, თბილისის ავტოპარკი სრულად განახლდება“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, შეისყიდა და ექსპლუატაციაში გაუშვა: 143 ერთეული MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი (CNG ძრავზე მომუშავე); 90 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსი (EURO 6 ემისის დიზელის ძრავზე მომუშავე); 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები (EURO 6 ემისის დიზელის ძრავზე მომუშავე).
2021 წელს, ასევე დაგეგმილია 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა.
გარდა ავტობუსებისა, პროექტის ფარგლებში შესყიდულია 300 ერთეული FORD -ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე, ევრო 5 ემისიის, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი.
აღნიშნული მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით, გათვლილია 17 მგზავრზე. მძღოლისა და წინა მგზავრისათვის განსაზღვრულია უსაფრთხოების ბალიშები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელზე დამონტაჟებულია სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები. მძღოლისა და მგზავრების ფანჯრები იღება ელექტრონულად. მიკროავტობუსები აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემებით, გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები.