დღეს კოლეჯ „სპექტრში“, ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის, BTEC-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. Pearson-ის საერთაშორისო დიპლომები 62 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადაეცა.
კურსდამთავრებულებს დიპლომები საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელ დირექტორ მაგდა მაღრაძესთან და აშშ-ის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელთან ელიზაბედ რუდთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გადასცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ კურსდამთავრებულებს სასწავლო პროგრამების წარმატებით დამთავრება მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე, დიდია მოთხოვნა მაღალი სტანდარტის საინჟინრო პროგრამებით მომზადებულ პროფესიონალებზე.
„მინდა, საზოგადოებრივ კოლეჯს „სპექტრს“ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“ მადლობა გადავუხადო. სწორედ მათი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, შესაძლებელი გახდა საერთაშორისო აღიარების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. შესაბამისად, შრომის ბაზარი მაღალი სტანდარტებით მომზადებული სპეციალისტებით მომარაგდება“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
“ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, კოლეჯმა „სპექტრმა“ კოლეჯ „ახალ ტალღასთან“ ერთად, ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშავა. 2017 წლის შემოდგომიდან, ორივე კოლეჯი სწავლებას ბრიტანეთის ტექნიკური და ეკონომიკური საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოთხ პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებაზე ახორციელებს: შედუღება, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება, წყალმომარაგების სისტემები.
2017 წლიდან დღემდე BTEC -ის მიერ ავტორიზებულ პროგრამებზე 190 სტუდენტი დარეგისტრირდა.