„თბილისობა 2018“ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალაკონცერტით „ჩემო თბილის ქალაქო“ დასრულდა. კონცერტს დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ასევე თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, პარლამენტის წევრები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
გალაკონცერტზე გაიმართა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 15 ცნობილი ადამიანი დააჯილდოვა. წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ლანა ღოღობერიძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი, გიული ჩოხელი, თენგიზ უთმელიძე, გაიოზ კანდელაკი, მაია მანია, კონსტანტინე მარდალეიშვილი, ნოდარ ცერცვაძე, ვლადიმერ კახაძე, თემურ ჩალაბაშვილი, შაფთაიდ ცური, ვახტანგ კახიძე, ნიკოლოზ რაჭველი, ქეთი მელუა და მიხეილ ბარიშნიკოვი.
კონცერტი კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნა. ცნობილმა მომღერლებმა დიდი ქართველი კომპოზიტორის სიმღერები შეასრულეს. საღამო მუსიკალურად გააფორმა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს.
გალაკონცერტის დასასრულს შესრულდა რევაზ ლაღიძის "თბილისო".