თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გამართულ პირველ ეროვნულ კონფერენციაში - ,,გენდერული თანასწორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი.
„ჩვენი მიზანია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერება თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უფრო ეფექტური განხორციელებისათვის. ამ მიზნით ჩვენ გავაფართოვეთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური კოორდინაციის ინსტრუმენტები.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია, როგორც ევროსაბჭოს ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით, არის საუკეთესო მექანიზმი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და ზოგადად, ადგილობრივი გენდრული პოლიტიკის კოორდინირებისათვის. ამ მოტივების საფუძველზე შევქმენით ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმა,“-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კონფერენციის ძირითადი ნაწილი საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესულ შესწორებებს დაეთმო, რომელიც საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას, ასევე მუნიციპალიტეტების მერიის აპარატში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მოხელის თანამდებობის შემოღებას გულისხმობს.
ღონისძიებაზე გამართული მსჯელობა სწორედ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო.
კონფერენცია, რომელიც სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ გაიმართა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - თამარ ჩუგოშვილმა გახსნა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. სიტყვით გამოვიდნენ ასევე მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, რომლებმაც თვითმმართველობების წარმომადგენლებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიღწევის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და პროგრესის მისაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.