თბილისის საკრებულოში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მონიტორინგის დელეგაციას უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მხარეებმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფის, რეგიონული დემოკრატიის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსიტიტუციების განვითარების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ევროსაბჭოს მონიტორინგის წევრები - სტიუარტ დიქსონი და მიხალის ანგელოპოლუსი, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი - ნიკოლაოს კომნინოს კლეპასი ქვეყანაში მიმდინარე საკითხებით დაინტერესდნენ და დეტალურად განიხილეს ის თემები, რომლებსაც ქვეყანა ევროპული ქარტიის ვალდებულებების ფარგლებში ახორციელებს. სტუმრებმა შეკითხვები დასვეს ასევე, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის ხედვისა და აღნიშნული დოკუმენტის, როგორც დაგეგმვის, ისე მისი განხორციელების ნაწილში ასოციაციის მონაწილოებაზეც.
საქართველოს წარმომადგენლებმა საკანონმდებლო დონეზე ბოლო წლებში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე და იმ გამოწვევებზეც იმსჯელეს, რომლებიც ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებობს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ევროპის საბჭოს რეგიონთა და ადგილობრივი ხელისუფლების პალატების წევრებთან - ,,ათეა’’-ს ვიცე-პრეზიდენტთან - თამარ ტალიაშვილთან, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარესთან, ბექა დავითულიანთან, ნინო ქავთარაძესთან, ირაკლი ჭეიშვილთან, სევდია უგრეხელიძესთან და დავით ქათამაძესთან ერთად, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლები - ასლან საგანელიძე, გიორგი ღურჯუმელიძე და ირაკლი ნადირაძე შედიოდნენ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა განხილული საკითხები შეაჯამეს, რის შემდეგაც, სტუმრებმა ქართულ მხარეს დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრას, ,,ათეა“-ს ხელმძღვანელ პირებთან - დავით მელუასთან და ნათია ღვინაშვილთან ერთად, დამოუკიდებელი ექსპერტი დავით ლოსაბერიძე, ასევე ევროსაბჭოს მონიტორინგის მდივანი - სტეფანიე პოირელი და დამოუკიდებელი ექსპერტი საბერძნეთიდან - ნიკოლას-კომნინოს ჩლეპასი ესწრებოდნენ.