თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობაზა აშენდა, რომელიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა.
6 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს.
ბაზა მოიცავს ადმინისტრაციულ შენობას, პანორამულ ხიდს და გამშვებ პუნქტს, სერვისცენტრებს, საწვავგასამართ სადგურებს, სამრეცხაოებს და სხვა დამხმარე ნაგებობებს. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების მომსახურებისთვის ავტობაზის ტერიტორიაზე იტალიური ფირმის „Safe“ გაზგასამართი სადგური განთავსდა, რომელიც Man-ის ავტობუსების დატუმბვას 4 წუთში უზრუნველყოფს.
ავტოპარკში კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“-ის ბაზაზე არსებულ Man Truck and Bus -ის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში CNG გაზზე მომუშავე ავტობუსები ხუთი წლის განმავლობაში გაივლიან მიმდინარე და რეგლამენტირებულ ტექნიკურ მომსახურებას. ავტობაზაში, რომელიც 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს, 616 ადამიანი მუდმივად იქნება დასაქმებული. Man -ის ავტორიზებულ სერვისცენტრებში კი დამატებით 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
აღსანიშნავია , რომ 20-დან 25 ივლისამდე ახალი ავტობუსები N24, N33, N88, N140 და N150 ხაზებზე გავა. მოგვიანებით კი, Man -ის ავტობუსები N14, N21 და N23 მარშრუტებს დაემატება. მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც 27 მილიონი EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო- ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P - ის გრანტი.
სამომავლოდ, თბილისის მერია შედარებით მცირე ზომის, 8-10 მეტიანი ახალი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს. 2018 წლის ივლისიდან კი დედაქალაქის მთავრობა მგზავრებს ავტობუსების სამარშრუტო სქემის მართვის თანამედროვე სისტემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონულ გადახდის სისტემას შესთავაზებს.
ღონისძიებას საკრებულოს თავმდჯომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს დეპუტატები, თბილისის მერის მოადგილეები და მერიის საქალაქო სამსახურების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.