თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე სსიპ ქ. თბილისის N150-ე საჯარო სკოლისთვის ალექსანდრე ცინცაძის სახელის მინიჭების საკითხი განიხილეს.
თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ კომისია მიესალმება სკოლისათვის სახელგანთქმული და ღვაწლმოსილი პედაგოგის ალექსანდრე ცინცაძის სახელის მინიჭების საკითხს, რაც მოსწავლეებს სწავლისა და შემეცნების მეტ სტიმულს მისცემს.
,,ჩვენ ფუნდამენტურად განვიხილეთ აღნიშნული საკითხი, რომელიც სკოლის დირექციისა და სამეურეო საბჭოს მიერ იქნა ინიცირებული და წარმოდგენილი საკრებულოში 28 აპრილს გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე . სკოლის სამეურვეო საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები და ამჯერად დამატებითი მასალები წარმოადგინა, ასევე გასწორდა დოკუმენტაციაში არსებული ტექნიკური ხარვეზი“, - განაცხადა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ.
კომისიის სხდომაზე ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ განმარტა, რომ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ტენდერებიდან მოძიებული რესურსებით, იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამების დაფინანსება ეზოებისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების მიზნით. ასევე დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა ასიგნენები 200 000 ლარით გაიზარდა. ლევან მიქავას განმარტებით, დამატებითი თანხა გამოიყო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 26 მაისის ღონისძიებების დასაფინანსებლად.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას დადებითი რეკომენდაცია მისცა.
კომისიის სხდომას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, თბილისის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტოს მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, სსიპ N150-ე საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი მექვევრიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ .
აღნიშნული საკითხების საბოლოო განხილვა საკრებულოს უახლოეს და შემდგომ სხდომებზე მოხდება.