დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს.
თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნის საკითხი წარუდგინა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით მიეცა თანხმობა.
საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია დეპუტატებს მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურების უფროსებმა მიაწოდეს. მათ შორის, თანხმობა მიეცა თბილისის მერიის მ.კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის და მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის“ ლიკვიდაციას, ამასთან ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება ა(ა)იპ ,,კალათბურთის განვთარების სპორტული ცენტრის შექმნის თაობაზეც.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია აკაკი წერეთლის გამზირზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში სახელმწიფო ორგანოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების მიზნით გადაცემა.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული უძრავი ქონება შპს ,,ზაზა ფაჩულიას აკადემიას’’ სარგებლობის უფლებით, უზურფრუქტის ფორმით გადაეცა.
ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდა თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ,,მ.კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლესთან’’ გაფორმებული უსასყიდლო უზურფრუქტის შეწყვეტა და ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა, რამაც საკრებულოს ზემოთაღნიშნული განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების აუცილებლობა გამოიწვია.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებასა და ამავე სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესში ცვლილების განხორციელებასაც დაუჭირეს მხარი.
დღესვე, თანხმობა მიეცა სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ვარკეთილი 3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ საკითხსაც.