თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება წარადგინა, რომელიც მერიასა და საქალაქო სამსახურებში საშტატო ერთეულების დაზუსტებას გულისხმობს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა საკრებულოს წევრებს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის 2025 წლის 23 იანვარს გაფორმებული სასესხო შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" შორის ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმებაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა. პროექტის მიზანი ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის გზით, თბილისის მეტროს სისტემის ეფექტიანობის, სანდოობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაზრდაა. წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრო, სასესხო შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცემს სასესხო შეთანხმებით საქართველოსთვის გათვალისწინებულ თანხას 125,000,000 (ასოცდახუთი მილიონი) ევროს, სესხის სახით სასესხო შეთანხმებითა და საპროექტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა საკრებულოს წევრებს ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებში ცვლილებები წარუდგინა. ცვლილება ქვეპროგრამის ფარგლებში, თვეში დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობის ზრდას ეხება. წარმოდგენილი პროექტით, პროგრამით მოსარგებლეთა ლიმიტი 300 ერთეულით იზრდება, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებას 2100 ბენეფიციარის ნაცვლად - 2400 ბენეფიციარი მიიღებს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის" სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსმა დავით ჩანქსელიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფის" მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილება წარადგინა, რომელიც ტექნიკური დაზუსტებას ითვალისწინებს.
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ნინო ვარდოსანიძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში, ზოგიერთი ფიზიკური პირის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულების საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტის წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება, ასევე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში" არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს. ოთარ ჩიტიძემ წარადგინა ასევე მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები.
საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.