თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2025 წლის 1 იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების (2 085,7 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, კერძოდ: იზრდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 600,0 ათასი ლარით (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 30 იანვრის N1/ნ ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2025 წლის 4 თებერვლის N15-01250351692 წერილი). შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 2 685,7 ათასი ლარით და შეადგენს 2 195 548,6 ათას ლარს. ასევე, იზრდება 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება - 567,0 ათასი ლარით, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა - 600,0 ათასი ლარით.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (გამგებელი) თანამდებობაზე დავით ხაბეიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. გამგებლის კანდიდატურა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა. საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე დებულებაში ცვლილებები განიხილეს. კერძოდ: მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის, თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესი" განიხილეს. აღნიშნული საკითხი, პერსონალური ასისტენტის საშუალებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (18 წელს მიღწეული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საქართველოს მოქალაქე) დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას ეხება. ქვეპროგრამის თანახმად, პერსონალურმა ასისტენტმა მომსახურების მიმღების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდებაში ცვლილება და თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფის" მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილება განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა. სერგო ბირკაძემ საკრებულოს წევრებს ასევე გააცნო თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულებაში ცვლილება.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. მან საკრებულოს წევრებს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გრანტის მიღებასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „GrCF2 W1 - თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - პროექტის განხორციელების მხარდაჭერის" შესახებ გრანტის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით მიმართა. წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თანახმაა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდის რესურსებიდან გადასცეს გრანტი 500 000 ევროს ოდენობით. გრანტი გამოყენებული იქნება მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების მიზნით.
ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულების პროექტი წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ასევე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2024 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში და თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიში მოისმინეს.