თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
თბილისის საკრებულოს წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი (მშენებარე) ფართის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობის შედეგად დაზარალებული პირებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი წარადგინა. საკრებულოს სხდომაზე ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. ცვლილებების მიზანია, უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახების მიერ ფართის მოძიების პროცედურებისა და ვადების უკეთესად გამოკვეთა, გამგეობების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაზუსტება და წესის ისე ჩამოყალიბება, რომ რაც შეიძლება მოქნილი იყოს, როგორც განმცხადებლის, ასევე სამსახურისთვის, სამუშაო პროცესში.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ევროპროდუქტს" შორის 2020 წლის 26 მარტს გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებაში ცვლილება; თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოსა და სს „თელასს" შორის 2023 წლის 31 მაისს გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებაში ცვლილება. აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს წევრებმა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს.
სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებები შეთანხმების საკითხები წარადგინა.
სხდომაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილება, რომელიც ააიპ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა გააცნო საკრებულოს წევრებს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩებისა და სკვერების სახელდების საკითხები წარადგინა.