თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილეს თათია ბარაქაძეს მოუსმინეს.
წარმოდგენილი საკითხი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „კორტებს“ შორის 2021 წლის 10 დეკემბერს დადებულ „უძრავი ქონების ნასყიდობის პირობებიან ხელშეკრულებაში“ ცვლილებების შეტანის საკითხის შეთანხმების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტში შესატან ცვლილებას ეხებოდა.
დღესვე, კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის I ჩიხი, მზიურის მიმდებარედ 2572 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის (სტადიონი) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო თხოვების ფორმით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „7X7 ფეხბურთის ასოციაციისთვის“ სარგებლობის უფლებით, გადაცემის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე განხილული საკითხების დამტკიცებით დედაქალაქს შეემატება მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურა და ხელი შეეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.