თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განსახილველი საკითხი კომისიის წევრებს გურამ ოქროპირიძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 12 აგვისტოს, ქალაქ რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი - ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, 2024 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი’’ თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის’’ მხარდაჭერით ტარდება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი’’ 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა. მისი მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. წელს ფორუმი მეოთხედ ტარდება.
კომისიის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.