თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ვასილ აბულაძემ ,,სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის დადგენილების დანართი 3-ში და მტკიცდება დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებულების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით ავტობუსის შემდეგი კომპანიების მარშრუტები.
ესენია: სს ,,გეფა’’-ს სასაწყობე მეურნეობა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებული პირების გადაყვანას M3 კატეგორიის 2 (ორი) ერთეული ავტობუსით, თანდართული მარშრუტით;
ასევე, შპს „ბარამბო“. კომპანიაში დასაქმებულია 500 თანამშრომელი, რომელთა ტრანსპორტირება ხორციელდება 2 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსით.
თანამშრომელთა ტრანსპორტირებას ასევე ახორციელებს შპს ,,ვიმ-ბილ-დან საქართველო“ და შპს „ავერსის კლინიკაც“.
ეს უკანასკნელი ყოველდღიურად უზრუნველყოფს დაახლოებით 90 სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებას ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში, კლინიკის ფილიალების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.
ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიაწოდა ინფორმაცია.
ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის 19 ივლისს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები და სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების ჩამონათვალს, რომელთა მოძრაობის ადგილს და დროს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, დაემატა T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
ვასილ აბულაძემ კიდევ ერთი ცვლილება წარმოადგინა, რომლის თანახმად „ა.ნ“ ქვეპუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ვადა გახანგრძლივდება და განისაზღვრება 2025 წლის 1 იანვრიდან, რაც ნიშნავს, რომ გადაადგილების აკრძალვა კვლავ არ გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სატრანსპორტო საშუალებით მიწოდების/ტრანსპორტირების საჭირო სატრანსპორტო საშუალებებზე – 08:00-11:00 საათების შუალედში.
კომისიის წევრებმა „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის დროის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს და ასევე სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” დედაქალაქის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში წარმოდგენილი ცვლილებების თაობაზე ისაუბრეს.
ცვლილება ასევე ხორციელდება სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საკრებულოს დადგენილებაშიც. როგორც ვასილ აბულაძემ სხდომაზე აღნიშნა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და ქონების მართვის სააგენტო ერთდროულად არიან უფლებამოსილნი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმებაზე.
ზემოაღნიშნული ფუნქცია ერთიანდება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ფუნქციებსა და უფლებამოსილებებში.
მანვე კიდევ ერთი ცვლილება წარმოადგინა, რომლის თანახმად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და ქონების მართვის სააგენტო ერთდროულად არიან უფლებამოსილნი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმებაზე.
კომისიის სხდომაზე ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ ისაუბრეს.
სხდომის დასასრულს კი, ვასილ აბულაძემ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების /მარშრუტების, აგრეთვე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გზების ჩამონათვალისა და მათზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების გაჩერების ადგილების დამტკიცების თაობაზე იმსჯელა და საკრებულოს დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
პროექტის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების მარშრუტების დისლოკაციების ადგილებს 3 წრიული მარშრუტი დაემატება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხები დადებითად შეაფასეს.