გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოში „wise გოგონათა ბანაკის პროგრამის - მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“ მონაწილეებს უმასპინძლა.
საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის“, ,,ლიბერთი ბანკის“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. პროექტი, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხების გარდა, მოიცავს კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე ადამიანის უფლებების დაცვას, დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკებს, მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების როლს უფლებებისა და თანასწორობის დაცვის მიმართულებით.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი შეხვედრაზე სტუმრებს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე, საბჭოს მუშაობისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ ესაუბრა.
ასევე შეხვედრის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ხელმძღვანელმა რიტა ხიდირბეგიშვილმა მოწვეულ სტუმრებს საბჭოს მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ შეხვედრაზე განაცხადა, პროექტი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. მისი თქმით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართული ბანაკი აერთიანებს ხუთი სოფლიდან ჩამოსულ გოგონებს და მასწავლებლებს, ისინი პროექტის ფარგლებში ეცნობიან, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი საქართველოში, ასევე, თუ რას ნიშნავს გენდერული უთანასწორობა და როგორ უნდა იყოს გოგონათა და ქალთა უფლებები დაცული.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ და გენდერული თანასწორობის საბჭომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში არაერთი აქტივობა განახორციელეს, რომლებიც ქალთა და გოგონათა გაძლიერების საკითხებს ეხება.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.