თბილისის საკრებულოში „ქალთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიება დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, „ქალთა დასაქმების ფორუმის“ ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილე ქალბატონებს წარმატება უსურვა.
„საკრებულო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს ამგვარ მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ძლიერი ქალი ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს. მადლობა თითოეულ კომპანიას და ადამიანს, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბევრი ქალბატონი იპოვის მისთვის შესაფერის სამუშაო ადგილს. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
დასაქმების ფორუმის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე. სტუმრებმა ფორუმის მონაწილეებს წარმატება უსურვეს და სიტყვით გამოსვლისას ქალთა ეკონომიკური აქტიურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი სხვადასხვა სფეროს კომპანია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან 800-მდე აქტიური ვაკანსიით.
ფორუმზე ქალბატონებს შესაძლებლობა მიეცათ ერთ სივრცეში შეხვედროდნენ დამსაქმებლებს და გასცნობოდნენ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და კომპანიების შემოთავაზებებს. დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
ღონისძიება ქალთა ისტორიის თვის მარტის კამპანიის ფარგლებში გაიმართა და ეკონომიკურად მოწყვლადი ქალების გაძლიერებასა და გააქტიურებას მიეძღვნა.