თბილისის საკრებულოში მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სავანის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ა(ა)იპ ,,საზოგადოება ივერიისა’’ ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ წარუდგინა.
როგორც გიორგი თავაძემ აღნიშნა, ღვთისმშობლის სავანე მახათას მთაზე თავისი მნიშვნელობით საერთო ეროვნული პროექტია, რომელშიც მთელი საქართველო გაერთიანებულია. მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე სრულდება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომლის ამოქმედებაც მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობაც, სადაც მუზეუმი განთავსდება. მუზეუმში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ეროვნული მემკვიდრეობის გარკვეული ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.
მუზეუმშივე განთავსდება აუდიტორიები ლექციებისთვის, იქნება ბავშვთა განათლების სპეციალური ცენტრი, შეხვედრების ადგილი, ბიბლიოთეკა. გიორგი თავაძემ „წმინდა გიორგი მთაწმინდელის ინსტიტუტის “ დაფუძნების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ფუნქცია ახალგაზრდა, ნიჭიერი მთარგმნელების გამორჩევა და დაფინანსება იქნება.
შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ პროექტის მსოფლმხედველობრივ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ,,საზოგადოება ივერიისა’’ ხელმძღვანელს წარმოდგენილი პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა.