თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ქალაქ ვენის საგანმანათლებლო კამპუსების გაერთიანების განყოფილების უფროსთან, კარინ ბროკალთან, ქალაქის მეორე რაიონის საგანმანათლებლო კამპუსისა და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელ სილვია ალინსთან, ქ. ვენის მერიის ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან, ქალაქის სენატის მრჩეველ თომას რეშთან, მერიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ ფრანც იოსეფ განგელმაიერთან, ვენის სამუსიკო სკოლების დირექტორ სვეა ჰილჩერთან, მუნიციპალიტეტის საბჭოს მრჩეველთან, სახელდების კომისიის თავმჯდომარე გეორგ ნიედერმულბიხლერთან და ვენის მუზეუმის კომუნიკაციისა და ურთიერთობების ხელმძღვანელ ფლორიან პოლაკთან.
საკრებულოს წევრთა განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში არსებული მუნიციპალური პროგრამების გაძლიერებისათვის უცხოური გამოცდილების გაცნობა/გაზიარება წინგადადგმული ნაბიჯი და არსებული გამოწვევების დაძლევის ეფექტიანი საშუალებაა.
ვიზიტის ფარგლებში, საკრებულოს წევრები ასევე ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალექსანდრე მაისურაძეს შეხვდნენ.
დელეგაციის წევრებმა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე, კულტურის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და წარმატებული რეფორმების მოდელების გაცვლასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელდების სფეროსაც. კერძოდ, მხარეებმა ქართულ-ავსტრიული ურთიერთობის გათვალისწინებით, თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის სახელის მინიჭებაზე იმსჯელეს.
დელეგაციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ვიზიტის მნიშვნელობაზე და ქვეყნებს შორის კულტურისა და განათლების სფეროს მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
სტუმრებმა საელჩოს წარმომადგენლებს და პირადად ელჩს, ალექსანდრე მაისურაძეს, ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს.