დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 1 მილიარდ 305 მილიონ 418,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 255 მილიონ 115,7 ათასი ლარით მეტია. საკრებულოს წევრებს თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომელთა დაფინანსებაც დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, გადახდის ახალი საბარათე სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს, რომლის შედეგადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ულიმიტო საბარათე სისტემაზე გადადის. საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებში (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტში (მეტრო), საბაგირო გზაზე „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრობის ღირებულების გადახდა ახალი სისტემით მოხდება. მგზავრობის ტარიფის გადახდის შემდეგ პირი 90 წუთის განმავლობაში იმგზავრებს ულიმიტოდ, იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობის დაწყებისას აიღებს სამგზავრო ბილეთს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში უფასოა. აღსანიშნავია, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებს ცვლილება არ შეეხება და ისინი კვლავ დღეის მდგომარეობით მათთვის მოქმედი ტარიფით ისარგებლებენ.
რაც შეეხება ვადიან სამგზავრო ბარათებს, მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებში, მეტროსა და საბაგიროში. ბარათით სარგებლობისას დაცული უნდა იყოს არანაკლებ 15 წუთიანი ინტერვალი, ამასთან გადახდის სისტემაში ყოველი მგზავრობის დაწყებისას უნდა დაფიქსირდეს ვადიანი სამგზავრო ბარათი.
ვადიანი სამგზავრო ბარათების ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 დღე - 3 ლარი ; 1 კვირა - 20 ლარი ; 1 თვე - 40 ლარი; 3 თვე - 100 ლარი ; 6 თვე - 150 ლარი; 1 წელი - 250 ლარი. ვადიანი სამგზავრო ბარათებით სარგებლობა ძალაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა.
გარდა ამისა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს და შესული ცვლილების თანახმად M2 კატეგორიის ავტობუსების ის მარშრუტები აისახა, რომლებიც მთავრობის მიერ ხაზებზე სატესტოდ უკვე მოძრაობენ.
ცვლილება შევიდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებასა და „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის დადგენილებებში. პროექტის თანახმად,ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით შემდეგნაირად დგინდება: 1 დღე - 20 ლარი; 1 კვირა - 100 ლარი; 1 თვე - 300 ლარი; 6 თვე - 500 ლარი; 1 წელი - 800 ლარი. აღნიშნული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების დგომა იმავე ვადით ყოველწლიური და ზონალურ საათობრივი პარკირების საფასურისგან თავისუფლდება.
დღესვე დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობას ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის“ შესახებ პროექტის ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმობა მისცა. რის შემდეგაც, საკრებულოს წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს და ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათი დაადგინეს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთი პირის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელებას ეხებოდა. ხელშემწყობი ღონისძიებები შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეებს და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონებით მოსარგებლეებს.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე, პარტია "საქართველოსთვის" წევრს ლევან დოლიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს.