თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია „ნაციონალური მოძარობის“ წევრებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს.
დეპუტატმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესისა და საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივის თაობაზე ისაუბრა.
,,გუშინ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესი წარმოადგინა, რომლის თანახმად, ვაუჩერს ყველა თბილისელი უკლებლივ მიიღებს.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობა საკუთარი სურვილით უარს ამბობს კომუნალური ვაუჩერის დარიცხვაზე, რითაც სოციალური სოლიდარობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს’’,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
დღესვე დეპუტატმა იმ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, ოჯახებს, რომლებსაც ფინანსური მდგომარეობის გამო არ ესაჭიროებათ კომუნალური ვაუჩერი, შეუძლიათ მათ დარიცხვაზე უარი განაცხადონ.
,,ვამკვიდრებთ რა სოციალური სოლიდარობის ახალ სტანდარტს, მივმართავთ თბილისის მთავრობას, შესაბამის სამსახურებსა და გამგეობებს, ტექნიკურად უზრუნველყონ იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომუნალური ვაუჩერის სახით სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ დახმარებაზე უარის თქმის სურვილი აქვს, მიეცეს ამის საშუალება.
ვფიქრობ, ამ ინიციატივაში არაერთი ჩვენი თანამოქალაქე შემოგვიერთდება.
თითოეული მათგანის მხრიდან კი ეს იქნება სოლიდარობის გამოხატვა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც კომუნალური ვაუჩერი ნამდვილად ესაჭიროება“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
მისივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ თბილისელებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, 2015 წელს გაორმაგებული სუბსიდიის გარდა ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებით გამოწვეული სხვაობაც აუნაზღაურდებათ.