თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, თბილისის საკრებულოს წევრთან ზურაბ ჩიკვილაძესთან, ამავე რაიონის გამგებელთან დავით მაქაცარიასთან, პარლამენტის წევრთან რიმა ბერაძესთან, ასევე დედაქალაქის მერის მოადგილესთან კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახა აბულაძესთან, ერთად ჩუღურეთის რაიონში მდებარე N 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა.
N2 საბავშვო ბაგა-ბაღი ახალ სასწავლო წელს განახლებულ შენობაში დაბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ბაღის აღჭურვა ავეჯით, ტექნიკითა და სხვა საჭირო ინვენტარით. ახალ შენობაში განთავსებულია 8 სააღმზრდელო ჯგუფი, რომლებშიც 250-მდე ბავშვს მიიღებენ.
N2 საბავშვო ბაღის შენობის ერთი ნაწილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, ის მე-19 საუკუნეში არის აშენებული, რეაბილიტაციის შემდეგ მისი პირვანდელი სახე შენარჩუნდა. შენობას ასევე ჰქონდა მეორე ფლიგელი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა და მის ნაცვლად აშენდა სრულიად ახალი კორპუსი.
„ჩვენი ხედვა ბაღებთან მიმართებით უცვლელია. თითოეული ბაღი უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, ამდენად, საბავშვო ბაღების განახლებისა თუ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და კვლავ გაგრძელდება. N2 საბავშვო ბაღი ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტს. იქ პატარებს უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო დახვდება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.