თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად ისნის რაიონში იმყოფებოდა, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე N109 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაათვალიერა.
აღნიშნულ მასშტაბურ პროექტს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახორციელებს.
როგორც კახაბერ ლაბუჩიძემ აღნიშნა, N109 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა უკვე ფინალურ ეტაპზეა გადასული. ახალი საბავშვო ბაღის კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებულია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს როგორც ფასადის მოწყობა, ასევე შიდა სარემონტო სამუშაოები.
აღნიშნული საბავშვო ბაღი ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომელთა ძველი შენობის დემონტაჟი ავარიულობის გამო გასულ წლებში განხორციელდა და მათ ნაცვლად ახალი პროექტები დაიგეგმა. N109 საბავშვო ბაღი 20-ჯგუფიანი იქნება და 600-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და ამასთანავე დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები.
შენობა ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
აღსანიშნავია, რომ პროექტში გათვალისწინებულია შენობის ენერგოეფექტურობაც, რაც ხარჯების დაზოგვას ისახავს მიზნად. საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში მიღება მომავალი წლის სექტემბერში იგეგმება.
ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის, ალტერნატიულ ფართში განთავსებული კონტინგენტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში დაბრუნდება.
აღნიშნული პროექტისათვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარი გამოიყო.