თბილისის მერმა კახა კალაძემ და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ, თბილისის მერის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან, გიორგი პაპავასთან ერთად დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, დარეჯანის სასახლის ისტორიული ხის აივნის დემონტაჟი და ახლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, შესრულდა დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები, განახლდა აივანზე დაზიანებული აგურით მოწყობილი იატაკი. ასევე, განხორციელდა გარე აივნის დაზიანებული ხის სვეტებისა და იატაკის რეაბილიტაცია.
„თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა. ქალაქი აქტიურად მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-მოწესრიგებაზე და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, რათა მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება შევძლოთ“. - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. აღნიშნული პროექტისთვის 350 000 ლარი დაიხარჯა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.