თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კამპანიის „არა ქალზე ძალადობას-დუმილი გამოსავალი არ არის!“ ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ქალებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე, რომელიც ჟურნალ "Wings Media" ორგანიზებით, რესტორან "მეტში" მოეწყო, გამოფენილი იყო კამპანიის ფარგლებში გადაღებული ეროვნული უმცირესობების თემის წარმომადგენლების ფოტოები.
როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები საბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობენ.
„თბილისის მუნიციპალიტეტში არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის მიზანიც არის ქალების გაძლიერება. თითქმის არ არსებობს აქტივობა, რომელშიც გვერდში არ გვიდგანან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს ამ ძალიან საინტერესო პროექტში ჩართვისთვის და დიდი მადლობა ჟურნალ "Wings"-ს, რომელმაც ძალიან საინტერესო ფოტოები წარმოგვიდგინა და დღევანდელი შეხვედრაც ასე საინტერესოდ დააორგანიზა’’ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას თბილისის კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი ინდირა რობაქიძე, ,,ევროპა დონა საქართველო’’-ს და სხვადასხვა კერძო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, კამპანია "არა ქალზე ძალადობას - დუმილი გამოსავალი არ არის" - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, თბილისის კრიზისულ ცენტრთან ერთად მეორე წელია ხორციელდება. კამპანიის მიზანია ძალადობის ნიშნებზე და მსხვერპლთა მიმართ მხარდაჭერაზე საზოგადოების ინფორმირებულობა და სოლიდარობის გაზრდა.