მახათას მთაზე დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. დღესვე, საზეიმო წირვის პარალელურად, ახლად ნაკურთხ ტაძარში 7 ბავშვი მოინათლა და შვიდივე ჩვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლული იქნება.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის საზეიმო გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიგა ახვლედიანი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2002 წლიდან მიმდინარეობს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა.
შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.