თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე, იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა გაიხსნა. სკუდიერის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან ერთად გახსნა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა დარჩია და გიორგი ახვლედიანი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ჩვენი ქალაქის წინაშე არქიტექტორ, ჯოვანი სკუდიერის დიდი დამსახურება აქვს.
„ძალიან ბევრი და ლამაზი არქიტექტურული ნაგებობა უკავშირდება მის სახელს, არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით. მაგალითად, მშრალი ხიდი მისი შემოქმედებაა. ჯოვანი სკუდიერი მეცხრამეტე საუკუნის გამორჩეული ხელოვანი იყო, რომლის მიერ შექმნილი არქიტექტურული ნაგებობები ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მისი შემოქმედების და სახელის უკვდავსაყოფად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - ამ ულამაზეს ქუჩას დავარქვით ჯოვანი სკუდიერის სახელი. მე მიხარია, რომ სწორედ ჩვენ მოგვიწია ამის გაკეთება, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების ინიციატივით, თბილისის საკრებულოს იტალიის ელჩმა მიმართა. ანტონიო ენრიკო ბარტოლის თქმით, სასიხარულოა, რომ თბილისობის დღესასწაულზე ჯოვანი სკუდიერის ქუჩა გაიხსნა.
„ეს არის დიდი პატივი. ჯოვანი სკუდიერის ქუჩა გაიხსნა იმ ადგილას, სადაც მისი შემოქმედების ნაწილია თავმოყრილი. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობებმა იცოდნენ, ვინ იყო ჯოვანი სკუდიერი,- განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.
ჯოვანი სკუდიერის საქართველოში მოღვაწე არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა.
მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში (ახლანდელი ჩუღურეთისა და ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა.