თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა.
დღესვე სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილეს მოუსმინეს, რომელმაც სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრა.
სოფიო დოღონაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხების შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
კომისიის წევრებმა ასევე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და გენადი თავართქილაძეს შორის 2024 წლის 16 მაისს გაფორმებული „პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გენადი თავართქილაძის გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს.
გარდა ამისა, სხდომაზე თბილისში, ჯურხა ნადირაძის ქუჩა N4-ში არსებული 857 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შესყიდვის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაცია განიხილეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე დეპუტატების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.