თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილმა საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა, თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს ნიკოლოზ კახეთელიძეს გადასცა.
ნიკოლოზ კახეთელიძემ გიორგი კალანდარიშვილს მადლობა გადაუხადა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ახლადარჩეულ წევრებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქის საკეთილდღეოდ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ, 27 ხმით 1 წინააღმდეგ, გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„დიდი პატივია იყო საკრებულოს წევრი, ატარო ეს მანდატი და იმუშაო ქალაქის კეთილდღეობისთვის. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ, ყველანი ერთობლივად შევძლებთ განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისა და თანამოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმიანობა. ამაში კი დაგვჭირდება ერთიანობა. მინდა ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოხატული ნდობისთვის“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, თუმცა, როგორც სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, პროტესტი მხოლოდ დღევანდელ სხდომას შეეხება, მომავალში კი პარტია საკრებულოს მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
ამის შემდეგ, სხდომა დღის წესრიგიოთ გათვალისწინებული საკითხებით გაგრძელდა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დაამტკიცეს. საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი ახვლედიანმა დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე კი თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე დაამტკიცეს.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე საკრებულოში მოქმედი კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს. სხდომაზე დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედ 11 კომისიას უხელმძღვანელებენ:
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - ლევან ჟორჟოლიანი. ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისია - ირაკლი ხელაძე. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - ზურაბ ჩიკვილაძე. განათლებისა და კულტურის კომისია - კახა ლაბუჩიძე. გარემოს დაცვის კომისია - ნიკოლოზ კახეთელიძე. ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ლევან არველაძე. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - ნინო ვარდოსანიძე. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - გიორგი ჩაკვეტაძე. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - რევაზ სოხაძე. სარევიზიო კომისია - ლევან ჯაფარიძე. სატრანსპორტო საკითხთა კომისია - შალვა ოგბაიძე.
ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქციები დაარეგისტრირეს და თავმჯდომარეები აირჩიეს. თბილისის საკრებულოში 3 ფრაქცია დაკომპლექტდა. "ქართული ოცნება" საკრებულოში ერთი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში 29 წევრი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარედ ოთარ გრიგოლია აირჩიეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 13 წევრისგან შედგება.
ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და მას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე უხელმძღვანელებს.
ასევე, რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისა და საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაამტკიცეს.
ახლადარჩეულმა საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს კომისიების შემადგენლობა ცნობად მიიღო.
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომაზე პარტია „ლელოს“ წევრის ბადრი ჯაფარიძის და პარტია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი-მეტი თავისუფლება“ წევრის თენგიზ კირთაძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს.