თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს წარმატება მიულოცა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
როგორც ცნობილია, ოლიმპიური ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდებიან, პრიზიორები ღირსების ორდენს მიიღებენ.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა - 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობდა ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს, სადაც საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში იასპარეზა 28 სპორტსმენმა. პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური(ძიუდო,-90კგ), ლაშა ტალახაძე(ძალოსნობა +102 კგ), გენო პეტრიაშვილი(თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ტატო გრიგალაშვილი(ძიუდო,-81კგ), ილია სულამანიძე(ძიუდო,-100 კგ), გივი მაჭარაშვილი(თავისუფალი ჭიდაობა,-97კგ).
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა მოკრივე ლაშა გურული(63,5 კგ).
საქართველომ 206 ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.
პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა და 11 აგვისტოს დაიხურა.