თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან, შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს შეეხო და ყურადღება არჩევნების მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე გამახვილდა. როგორც ალენ ბერსემ განაცხადა, არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარება სანდო და რეალური შედეგის გარანტი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სტაბილურ გარემოში, დამკვირვებლების ჩართულობით. ეს მოგვცემს გარანტიას, რომ შედეგები იქნება სანდო და რეალური. შედეგი უნდა იყოს ის, რაც სურს ქართველ ხალხს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და ვიცით, რომ მსოფლიო საზოგადოებამ და მათ შორის ევროპულმა ორგანიზაციებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები. მე ნიუ-იორკში მქონდა შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებასთან, იქ ჩვენ შევთანხმდით იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროპის კონტინენტისთვის. ჩვენ გვქონდა კითხვები საქართველოში ბოლო ხანს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები და აღსანიშნავია, რომ პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს. ვთვლით, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა შეფასდეს“, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესია 15 ოქტომბერს გაიხსნა და 17 ოქტომბერს დასრულდება. ორი დღის განმავლობაში მოწვეული სტუმრები ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა: ადგილობრივი დემოკრატია, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის საყრდენი. ამას გარდა, უკრაინის წარმომადგენლები გამოვლენ მოხსენებებით თემაზე: რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ - კულტურული მემკვიდრეობის განადგურება უკრაინაში. სესიის ფარგლებში, განიხილავენ ფინეთში, ისლანდიაში, ლატვიასა და მალტაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგის შედეგებს.
საკრებულოში ილია II -ის დაბადებიდან 91-ე და პატრიარქად მისი აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ოქტომბერი 24,2024ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა
ოქტომბერი 24,2024ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოში გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს
ოქტომბერი 24,2024