თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამართა. თბილისის მერმა იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში, შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგადაც, ნარჩენების სწრაფად და ეფექტიანად გადამუშავება გამარტივდა. შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონები. დაიწყო ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პრევენციისთვის აუცილებელი სამუშაოები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სრულად განახლდა ავტოპარკი, რაც დიდ გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურების კლებაზე. ჰაერის დაბინძურების კლებისთვის, თბილისში აღარ გაიცემა სამშენებლო ნებართვები, თუ გარემოს დაცვითი სტანდარტები არ იქნება დაცული.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტემალაძემ განაცხადა, გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საპარკე კულტურის განვითარებაა და ამ მიმართულებით თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში გამწვანებული ტერიტორიების საერთო ჯამმა 100 ჰექტარი შეადგინა.
„გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით, საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები გატარდა. მათ შორის აღსანიშნავია გამწვანებითი ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც, თბილისში 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული გვაქვს. 14 ათას ჰექტარს კი მიენიჭა სატყეო ზონის სტატუსი. ამას გარდა, აქტიურად ხორციელდება კუს ტბის და თბილისის ზღვის მიმდებარე ფერდებზე გადაშენების პირას მყოფი ტყეების რესტავრაცია. ფონდი „ქართუს“ დახმარებით კი, დაიწყო მთაწმინდის ფერდის აღდგენა, სადაც სავალალო მდგომარეობა იყო. გარდა ამისა, „ქართუს“ დახმარებით, ხდება იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის სრული განახლება-მოწესრიგება, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ასეთი დახმარებისთვის“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში, თბილისში ასევე, დაგეგმილია დიღმის ჭალების, ვერის პარკისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობა.