თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორთან, ზეინეფ ბაირაქთან ერთად ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ ეწვია.
სტუმრებმა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორთან, გოჩა მინდიაშვილთან, ერთად არსებული გარემო დაათვალიერეს და იქ მცხოვრებ ბენეფიციარებს შეხვდნენ.
თავშესაფარში ყოფნისას ზურაბ ჩიკვილაძემ დაწესებულების ხელმძღვანელობასთან ბენეფიციართა ყოფის გაუმჯობესებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო რესურსების გამოყენების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე ერთობლივი პროექტების საკითხებზე შეთანხმდნენ.
„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისი ჩვენი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პარტნიორია, რომელმაც საქართველოში ბევრი საჭირო სოციალური პროექტი უკვე განახორციელა. გვაქვს სურვილი, რომ კიდევ ერთი სასარგებლო პროექტი მუნიციპალურ თავშესაფარში განხორციელდეს, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ბენეფიციარებს“,- განაცხადა თავშესაფარში ყოფნისას ზურაბ ჩიკვილაძემ.