თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ვაზისუბნის დასახლებაში, N5 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი სკეიტ პარკი და სპორტული მოედანი დაათვალიერა.
ვაზისუბნის დასახლებაში სკეიტ პარკისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა განახორციელა. ამ დროისთვის ადგილზე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
„თბილისის მერიამ ვაზისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი ახალი პროექტი განახორციელა და დაახლოებით 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სკეიტ პარკი და სპორტული მოედანი მოაწყო. ვფიქრობ, მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კახა ლაბუჩიძის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ სკეიტ პარკი და სპორტული მოედანი უცხოელი ექსპერტების ჩართულობით აშენდა.
ვაზისუბნის დასახლებაში მოწყობილი სკეიტ პარკი და სპორტული მოედანი დედაქალაქის მერის მოადგილეებმა - ანდრია ბასილაიამ და ირაკლი ბენდელიანმა, ასევე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ და ისნის გამგებელმა, დავით ხაბეიშვილმაც დაათვალიერეს.