თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თბილისის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის უფროსთან, შალვა ოგბაიძესთან და თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, ირაკლი ჭინჭარაულთან, ერთად თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ სამსუნის გუბერნატორ ორჰან ტავლთან, ასევე მეტროპოლიტენის მერთან, ჰალიტ დოღანთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქალაქებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის სოციალური და ჯანდაცვის სფეროები, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებული პროგრამების მნიშვნელობას. შეხვედრაზე განხილულ იქნა აგრეთვე ქ. თბილისსა და ქ. სამსუნს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების და ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი; ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ურბანულ და ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიებზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მასპინძელთა მხრიდან ესწრებოდნენ გუბერნატორის, მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და შავი ზღვის განვითარების ცენტრალური სააგენტოს (OKA) წარმომადგენლები, „მედიქალ პარკის“ წარმომადგენელი საქართველოში მეჰმეთ ფათი თურანი, ასევე პროვინციის ჯანდაცვის დირექტორატი, ჯანმრთელობის ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები და საავადმყოფოს ადმინისტრატორები, მხარეებმა განიხილეს თბილისსა და სამსუნს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. გამოითქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია კლინიკა „მედიქალ პარკს“ ესტუმრა. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება და გაიმართა შეხვედრა კლინიკის ხელმძღვანელობასთან. ასევე, შეხვედრა გაიმართა ქალაქ სამსუნის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელობასთან.
დელეგაციის ვიზიტი სამსუნში ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დასრულდა.