თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრ მარიამ ზაქარიაშვილთან ერთად საქართველოს სტუდენტური ასოციაციის პროექტის „მომავალ ლიდერთა აკადემია“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ძირითად თემას დედაქალაქში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ის პროექტები და წარმოადგენდა, რომლებსაც ქვეყანა ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. ყურადღება ასევე დაეთმო ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვის პროგრამებსა და სატრანსპორტო რეფორმას.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკასა და ძირითად პრიორიტეტებზე ესაუბრა.
„შეხვედრა გვქონდა სტუდენტური ასოციაციის პროექტ „მომავალ ლიდერთა აკადემიის“ მონაწილეებთან. ვისაუბრეთ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს მიმდინარე წელს, ასევე დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის გვქონდა დისკუსია იმ საჭიროებებზე, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის სახით შეიძლება იყოს აქტუალური განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
შეხვედრაზე სტუდენტებს თბილისის საკრებულოს წევრმა მარიამ ზაქარიაშვილმაც მიმართა. მან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური პროგრამებისა და დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე.
კამპანიის „სტუდენტები თბილისის საკრებულოში“ მიზანი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიმართულებით ინფორმირებულობის გაზრდაა. შეხვედრა კამპანიურ ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.