თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ასევე პარლამენტის წევრებთან, ნოდარ ტურძელაძესა და დავით კაჭარავასთან, ერთად წყნეთში გამართულ სახალხო დღესასწაულს, „წყნეთობა 2024“-ს, დაესწრო.
საზეიმო ღონისძიება ქართული ჭიდაობით გაიხსნა. შეჯიბრება წყნეთის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა. დღესვე ფეხბურთის ტურნირის ფინალური თამაშებიც ჩატარდა. გამარჯვებულ მოჭიდავეებსა და საფეხბურთო გუნდს მედლები, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
„წყნეთში სექტემბრის პირველივე კვირას ტრადიციად ქცეულ სახალხო დღესასწაულს, „წყნეთობას“, აღვნიშნავთ. სასიამოვნოა დღეს აქ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასთან, გახარებულ ბავშვებთან შეხვედრა. ქალაქის ამ ლამაზ და მწვანე ნაწილში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და ასევე გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში საბავშვო გასართობი ღონისძიებებიც ჩატარდა. წყნეთში არსებულ სკვერში ბავშვებისთვის წარმოდგენები გაიმართა - ილუზიონისტის შოუ, ქიმიური ლაბორატორია „აზოტის შოუ“, საპნის ბუშტების შოუ, თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ზღაპრის გმირები და სხვა გასართობი აქტივობები. ასევე მრავალშვილიანი დედების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.