თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.
ამ დროისთვის მიწის საექსკავაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილში გრუნტის დამუშავება ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ფერდის გამაგრებისთვის ხიმინჯები ეწყობა.
პროექტის ფარგლებში გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები, ასევე სანიაღვრე ქსელი მოწყობა, აგრეთვე ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, დამონტაჟდება LED სანათები, გვირაბის გასწვრივ კი რკინა-ბეტონის დამცავი კედლები მოეწყობა.
გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო მიმართულებით თითო ზოლი იქნება.
აღნიშნულ პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება. გვირაბის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარით დაფინანსდება.