თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან და პარლამენტის წევრთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად ვაკეში, ავალიშვილის N8-ის მიმდებარედ ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ეს არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სანიაღვრე ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
„ვაკის რაიონში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამჯერად, ავალიშვილის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორიაზე უხვი ნალექის მოსვლა მოსახლეობას სირთულეებს უქმნიდა. ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, რომლის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს, სრულად აღმოფხვრის ამ პრობლემას. სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში ღამის საათებში გაგრძელდება, სამუშაოების დასრულებისას ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.“ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სამუშაო პროცესი ორი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპის ფარგლებში სამუშაოების განხორციელება დაიწყება 13 აგვისტოს 00.00 საათზე და გაგრძელდება დილის 06.00 საათამდე. სამუშაო 7 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში ჭავჭავაძის მხრიდან ავალიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, ხოლო ამირეჯიბის გზატკეცილიდან გახსნილი იქნება მხოლოდ ერთი ზოლი. პირველი ეტაპის დასრულებისას ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.
მეორე ეტაპის ფარგლებში, სრულად გადაიკეტება კორპუსებთან მისასვლელი გზა, აღნიშნულ პერიოდში სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება.