თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, დავით ჯანდიერთან, ერთად ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს მუნიციპალური სახალხო კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გახსნა, სტუმრებს მიესალმა და ორ დამეგობრებულ ქალაქს - თბილისსა და გუანჯოუს - შორის თანამშრომლობაზე და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„თბილისი და გუანჯოუ დამეგობრებული ქალაქებია. საქართველოს და ჩინეთს ყოველთვის ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, რისი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანით კი ჩვენი ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადადის. მოხარული ვართ თქვენი წინადადებით, გაგვიზიაროთ გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, მეგობრობაზე დაფუძნებული ხშირი კომუნიკაცია კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს საქმიან ურთიერთობას და თანამშრომლობას. ეს კი ჩვენი ქალაქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეხვედრაზე გუანჯოუს დელეგაციის წევრები თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ქალაქის დაგეგმარებისა და გამწვანების საკითხების რეგულაციებით დაინტერესდნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრაზე საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გუანჯოუს მუნიციპალური სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იუ შაოვენი, გუანჯოუს მუნიციპალური სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის სამეთვალყურეო და სასამართლო საკითხთა კომისიის გენერალური დირექტორი ფენგ ჰუიგუანგი, გუანჯოუს მუნიციპალური სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის ურბანული და სოფლის მშენებლობის გენერალური დირექტორი ქსიე ლიუქინგი, სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის გარემოს დაცვისა და რესურსების დაცვის კომისიის წარმომადგენელი ქსიაო იდონგი, მუნიციპალური სახალხო კონგრესის დეპუტატთა საქმეთა კომისიის გენერალური დირექტორის მოადგილე, გენერალური განყოფილების დირექტორი ლინ შენჰანი, სახალხო კონგრესის მუდმივი კომიტეტის კვლევის ოფისის საოპერაციო განყოფილების უფროსი პენგ ქსინგუანი.