თბილისის საკრებულოში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLVI სხდომა გაიმართა.
შეხვედრას ათეას ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის მესამე ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურისა და ათეას აღმასრულებელი დირექტორის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, ათეას მესამე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე დაიკავებს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე აქტიურადაა ჩართული ათეას საქმიანობაში და მისი ვიცე-პრეზიდენტად არჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად წაადგება ასოციაციის მუშაობას.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომამ ერთხმად დაუჭირა მხარი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შავი ზღვის რეგიონიდან ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტის, დედაქალაქის საკრებულოს წევრის, ნინო რუხაძის, კანდიდატურას.
ნინო რუხაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა, რომელიც ათეამ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ კონკურსისთვის ასევე დაკომპლექტდა კომისია, რომელშიც აღმასრულებელი საბჭოს როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები შედიოდნენ.
ნინო რუხაძემ განაცხადა, რომ ეს არის მისთვის შესაძლებლობა, რომ აკეთოს საქმე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას ემსახურება.
ათეას ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კოლეგებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
გიორგი ტყემალაძემ და ასოციაციის სხვა წევრებმა ათეას ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დავით მელუას, მიერ გაწეული საქმიანობაც შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დავით მელუა ასოციაციაში პროექტების მიმართულებით იმუშავებს.
დღესვე სხდომის მონაწილეებმა ორგანიზაციის საწევრო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს და ათეას გენდერული თანასწორობის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. დოკუმენტი აღმასრულებელი საბჭოს წევრებს პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ წამყვანმა კონსულტანტმა თამარ ფრანგიშვილმა წარუდგინა.
მისი განცხადებით, ასოციაციის გენდერული თანასწორობის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს როგორც ათეას ინსტიტუციურ გაძლიერებას გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ისე მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაში.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომა გაიმართა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.